კონსტიტუციაში შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა ახალი საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირების პირობებშია შესაძლებელი

კონსტიტუციაში შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა ახალი საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირების პირობებშია შესაძლებელი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში რაიმე შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელებას გამორიცხავს და ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს მესამე მოსმენის ფარგლებში ვერ მოხდება.

როგორც კახიანმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, თეორიულად კონსტიტუციაში ახალი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა ახალი საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირების პირობებშია შესაძლებელი.

”მესამე მოსმენის ფარგლებში შეუძლებელია პროექტში რაიმე შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა. მესამე მოსმენით შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული და სტილისტური ხასიათის ცვლილების მიღება. საქართველოში დასრულდა ის დრო, როცა შინაარსობრივ ცვლილებებს მესამე მოსმენის ფარგლებში ახორციელებდნენ. საკანონმდებლო მოთხოვნათა დარღვევით ვერანაირი აქტი ვერ იქნება მიღებული”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კახიანმა.

მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ფაქტობრივად ყველა შენიშვნა გაითვალისწინა და მათ დასკვნაში რაიმე სახის სამართლებრივი შენიშვნები მოსალოდნელი არ არის.

”დარწმუნებული ვარ, არც არანაირი შინაარსობრივი ცვლილების განხორციელება დაგვჭირდება”, - დასძინა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის მდივნის, ტომას მარკერტის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარკერტმა განუცხადა, იმის თაობაზე, რომ ტექსტში ცვლილებები შევა, ქართული მხარისგან აქვს ინფორმაცია.

„როგორც ცნობილია, მესამე მოსმენისას კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი, თუმცა ჩვენ გვითხრეს, რომ ტექსტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს“, - განაცხადა მარკერტმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას, რომელიც 22 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს, ტომას მარკერტის თქმით, მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს.

„ჩვენი მოსაზრების პროექტს 22 სექტემბერს გამოვაქვეყნებთ. ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო, კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი დოკუმენტში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კომისიის მოსაზრებების გათვალისწინება მოხდეს“, - აღნიშნა ტომას მარკერტმა.