„თბილისობა 2017“ -ი  მასშტაბური და მრავალფეროვანი  იქნება

„თბილისობა 2017“ -ი მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება

“თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.  მისი თქმით, წლევანდელი დღესასწაულის მთავარი ლოკაციები "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება.

„მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება.  დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.

დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი  იქნება და  იგი მთელ ქალაქს მოიცავს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"თბილისობა 2017"-ის ფარგლებში,  მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.