საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარს დაესწრო

ქართველმა, უკრაინელმა და მოლდოველმა დეპუტატებმა, ამერიკელ და ევროპულ პარტნიორებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარზე დისკუსია გაიმართა რეგიონალური უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებისა და საფრთხეებზე, რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ენერგეტიკული და ინფორმაციული, პოლიტიკის ზეწოლის ბერკეტების გამოყენებაზე. კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის,  ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, აუცილებელია არსებული თანამშრომლობის ფორმატების გაფართოვება, კოორდინაციის გაუმჯობესება და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.

ღონისძიებაზე, ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის გლობალური სტრატეგია, კანონმდებლების როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სტრატეგიული კომუნიკაცია, ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გამტკიცებაში.

საერთაშორისო სემინარს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო. სემინარში მონაწილეობა  კომიტეტის წევრებმა - ირაკლი ბერიამ, ბექა ოდიშარიამ, ოთარ ჩრდილელმა, ირაკლი შიოლაშვილმა და ცოტნე ზურაბიანმა მიიღეს.

სემინარი ამერიკული მხარის ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.