საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა  პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წარდგინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის წევრებს ირაკლი მექვაბიშვილის ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნა, რომ მისი ეს გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას მნიშვნელოვნად გამოადგება.

სხდომაზე ირაკლი მექვაბიშვილმა აუდიტის სამსახურის განვითარების შესახებ საკუთარ პოზიციებსა და ხედვებზე ისაუბრა. ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, თუკი მას პარლამენტი ნდობის გამოუცხადებს, როგორც გენერალური აუდიტორი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე იზრუნებს.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე იქნება დამყარებული - ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა.

„აუდიტის სამსახურის საქმიანობა დამყარებული იქნება ოთხ ძირითად პრინციპსა და ღირებულებაზე - ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს სადამსჯელო. ის უნდა იყოს პრევენციული ხასიათის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის თვისობრივი გადახალისება მოხდეს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ვიცი, რომ ამ კუთხით არის გარკვეული წინსვლა მეგობარი დონორი ქვეყნების დახმარებით. ამ მიმართულებას მაქსიმალურად გავაძლიერებ, რათა მოხდეს სამსახურის თვისობრივი გადახალისება - ჩვენ უნდა ვხედავდეთ ყველა სისტემურ რისკს საჯარო ფინანსებში, ხდებოდეს ამის ადეკვატური შეფასება და რეაგირება", - განაცხადა ირაკლი  მექვაბიშვილმა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ეფექტიანობის აუდიტის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი განმარტებით, ფინანსურ აუდიტთან ერთდ მას ექნება წამყვანი როლი იმისთვის, რომ შემუშავდეს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის ეფექტიანობის მიმართულებით. მისივე თქმით, გაიზრდება მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. ამასთან, როგორც ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, უნდა გაიზარდოს აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე რეაგირების მაჩვენებელი. „ჩვენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთდ შევიმუშავებთ მექანიზმებს იმისათვის, რომ ეს  მაჩვენებელი გაიზარდოს,"-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა. კომიტეტის წევრებმა კანდიდატის მიერ წარმოდგენილ ხედვებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აუდიტის სამსახური, ისევე როგორც ომბუდსმენის ოფისი,  საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისივე თქმით, მიღწევები, რომელიც აქვს აუდიტის სამსახურს, იქნება კარგი საფუძველი მომავალი განვითარებისთვის.

„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, ჩვენ სრულად გადავდივართ საპარლამენტო მოდელზე, რაც ნიშნავს, რომ ორივე ამ ზედამხედველობის მექანიზმს ექნება კიდევ უფრო მეტი ღირებულება და მნიშვნელობა საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში. მე ასევე მინდა მცირე კომპლიმენტიც გითხრათ იმის გამო, რომ კერძო სექტორში წარმატებული და ასეთი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი მზად არის საჯარო სამსახურს დაუთმოს თავისი დრო და კვალიფიკაცია და ვფიქრობ ის მიღწევები, რომელიც აქვს აუდიტის სამსახურს, იქნება კარგი საფუძველი მომავალი განვითარებისთვის,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელთა დიდი ნაწილი აუდიტის სამსახურსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ გეგმებს შეეხებოდა.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით შესწავლილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის  პრაქტიკა და ზედამხედველობისა და დამოუკიდებლობის ფუნქციებიც შესაბამისად იქნება გაძლიერებული.

კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე წარმოდგენილი კანდიდატურის მიმართ პოზიცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გამოხატა.

„ირაკლი მექვაბიშვილი არის უმაღლესი კლასის ფინანსისტი. ეს ჩანს მისი ბიოგრაფიიდანაც. მისი პრაქტიკა მნიშვნელოვნად წაადგება სახელმწიფო აუდიტის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებას.  ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კარგი და ადეკვატური კანდიდატია შერჩეული.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის და ზოგადად, პარლამენტისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტი იყოს დამოუკიდებელი, პროფესიული და ობიექტური და უაღრესად მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ მექვაბიშვილის კანდიდატურა წარმოდგენილია ზუსტად და სწორად.

ვფიქრობ, რომ ის იქნება პროფესიონალი, ობიექტური და დამოუკიდებელი აუდიტორი და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს სახელმწიფო აუდიტს და სახელმწიფო აუდიტისა და პარლამენტის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. რაც  ქვეყნის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს,"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასამტკიცებლად ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან რვამ მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  „მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ წარუდგინა. მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადების  საფუძველზე პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის  ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და პარლამენტის წევრების ფართო ჩართულობით მომზადდა წარმოდგენილი პროექტი. კანონპროექტის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.

გიორგი ხატიძემ პროექტით წარმოდგენილ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხელმძღვანელი ორგანოების - სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობაზე. შესაბამისად, დგინდება მათი უფლებამოსილებების კანონით განსაზღვრული გამჭვირვალე რეგულაციები. ცვლილებების თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. ზუსტდება მთელი რიგი დებულებები, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სპონსორობის და კომერციული რეკლამის განთავსების საკითხებს. ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობის საკითხი. ამასთან, მკაფიოდ განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის და ამავე დროს შემოქმედებითი კონტენტის შემქმნელი/მიმღები ორგანიზაციის თავისებურებები.

„ეს ცვლილებები ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილი რეფორმა ბოლომდე მივიდეს და საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცეს ისეთი ტიპის ორგანიზაციად, როგორიც არსებობს ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანაში,"-განაცხადა გიორგი ხატიძემ.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტს კანონპროექტთან დაკავშირებით აქვს რიგი შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს  დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ  პირველი მოსმენით წარუდგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ქვეყანაში სადაზღვევო სისტემის განვითარებასა და ამ სფეროს ზედამხედველობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ცვლილებები დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსების წყაროს შეცვლას, მის  ფინანსურ დამოუკიდებლობას სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებიდან კერძო დაფინანსების წყაროებზე გადასვლის გზით. და სადაზღვევო კომპანიებში სავალდებულო სახით შიდა აუდიტების არსებობას ითვალისწინებს.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტი „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განიხილეს, მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის განმარტებით, კანონპროექტს მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განუცდია. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღესვე მთავრობის მიერ წარმოდგენილი რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა.