ირაკლი მექვაბიშვილი იქნება დამოუკიდებელი, ხალხი მხარს დაუჭერს, არ იქნება დამოუკიდებელი, მაშინ გახდება

ირაკლი მექვაბიშვილი იქნება დამოუკიდებელი, ხალხი მხარს დაუჭერს, არ იქნება დამოუკიდებელი, მაშინ გახდება "ქართუს" ბიჭი

ირაკლი მექვაბიშვილის პროფესიონალიზმში, ეჭვი არავის ეპარება. იქნება დამოუკიდებელი, ხალხი მხარს დაუჭერს და იქნება აუდიტის სამსახურის კარგი უფროსი, არ იქნება დამოუკიდებელი, მაშინ გახდება რიგითი "ქართუს" ბიჭი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის შეფასებისას განუცხადა.

"როგორც იტყვიან, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ანუ მომავალში ჩვენ გავარკვევთ, შეუძლია თუ არა მას, ჩამოცილდეს იმ დამოკიდებულებას რომელსაც მთელი სახელისუფლებო სტრუქტურები განიცდიან არაფორმალური მმართველისგან. კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობა არის ყველაზე დიდი ძალა, რომელიც გააჩნია აუდიტის სამსახურს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა გაათავისუფლეს, აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს ძვრაც ვერ უყვეს. ეს არის ძალიან დიდი კონსტიტუციური იმუნიტეტი. ამიტომ, მთავარი მოთხოვნა იქნება ის იყოს დამოუკიდებელი",- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არც წინააღმდეგ წავა მექვაბიშვილის კანდიდატურის და არც მხარს დაუჭერს, არამედ მუდმივად დააკვირდება მის საქმიანობას.

ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.