ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის წარმართვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციის (UNCTAD), კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა დაცვის ფილიალის ხელმძღვანელს, ტერეზა მორეირას, მასპინძლობდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდამჭერი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ, კონკურენციის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში და იმ როლზე, რაც შესაბამის სააგენტოს უნდა ენიჭებოდეს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დაეთანხმა ექსპერტების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სააგენტოს როლი და მისი დამოუკიდებლობა უნდა გაიზარდოს ისეთივე ხარისხში, როგორიც მაგალითად მარეგულირებელი კომისიების შემთხვევაში გვაქვს. „თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ის პოლიტიკა, რომელიც შერჩეული გვაქვს, იყოს შედეგიანი და ეფექტური, მაშინ კონკურენციას უნდა მიენიჭოს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შესაბამისად იმ სააგენტოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეალური კონკურენცია, გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება.
ჯერ მხოლოდ მოსაზრება არსებობს ამის თაობაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, საკანონმდებლო ცვლილებებზე კონსულტაციების პროცესში, ამ არგუმენტით მივმართავ ჩემს კოლეგებს, რათა გავზარდოთ სააგენტოს ლეგიტიმაცია და ზოგადად მისი მნიშვნელობა კონკურენციის დაცვის პროცესში", განაცხადა რომან კაკულიამ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა დაცვის ფილიალის ხელმძღვანელი აურელიო ლა ტორე, პროექტის წამყვანი ექსპერტები ფრანსუა სუტი და დიანა ბაიალოვიჩ-მარკოვიჩი, ასევე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფო მომცელიძე.