ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენას, სადაც კიდევ ერთი პოლიტიკური დებატი გაიმართება

ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენას, სადაც კიდევ ერთი პოლიტიკური დებატი გაიმართება

პრეზიდენტს საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვს ოპოზიციურ პარტიებთან. პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუ რა საკითხებს განიხილავს ოპოზიციასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

„საკონსტიტუციო რეფორმის მთელ პერიოდში პრეზიდენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვს ოპოზიციიურ პარტიებთან, საკმაოდ ხშირი შეხვედრები იმართება ოპოზიციურ პარტიებთან, როგორც ვხედავთ. ეს არის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა და რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუ რა საკითხებს განიხილავს ოპოზიციასთან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა გაიარა საკონსტიტუციო რეფორმის ყველა ეტაპი, რომელიც კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით იყო აუცილებელი: საკონსტიტუციო კომისია, საჯარო განხილვები, კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ვენეციის კომისიასთან, პოლიტიკური დებატები და განხილვა ოპოზიციასთან და ახლა უკვე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შემდეგ პარლამენტში კონსტიტუციის მესამე მოსმენით განხილვა გაიმართება.

„საშემოდგომო სესიაზე ველით საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენას, სადაც კიდევ ერთი პოლიტიკური დებატი გაიმართება და შემდეგ უკვე პარლამენტში კენჭს ვუყრით ცვლილებებს, რომელიც შემუშავებულია“, - დასძინა არჩილ თალაკვაძემ.