ორივე მხარე ვთანამშრომლობთ, რომ დავძლიოთ პრობლემები, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა.
”ახლა აქტიური სეზონია და დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საზღვარს კვეთენ. 30 ათასამდე ადამიანი გადადის საზღვარზე ყოველდღიურად, ამიტომ, სამწუხაროდ, გამტარუნარიანობა ყოველთვის შესაბამისი არ არის. გარდა ამისა, ახლა თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები გვაქვს, რომელთა დასრულებასაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ. ამ კონკრეტულ მომენტში თურქულ მხარეს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს. ახლა ორივე მხარე ვთანამშრომლობთ, რომ დავძლიოთ პრობლემები,” - განუცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ”რუსთავი 2”-თან საუბრისას.
ფინანსთა სამინისტროში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, რამაც თურქეთის ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება გამოიწვია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გიუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა.