რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში"  მოისმინა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდის მიმოხილვა წარმოადგინა და ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე,  შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ოდენობითაა დაგეგმილი თუმცა, წინასწარი, ივლისის თვის  მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი 4,4%-ს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე, დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5,7 % შეადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვა ექვს თვეში გაზრდილი იყო 13,5%-ით და 7 თვის მონაცემებით 5 მლრდ 675,2 მლნ დოლარი შეადგინა. 6 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთან რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 1 მლრდ 303,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 10,9%-ით მეტია. როგორც მომხსენებელმა განმარტა, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 9 540 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 4 283 814.2 ათასი ლარი. საგადასახადო შემოსავლების შესრულება შეადგენს 105, 1%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 284 460.0 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხოლო 8 თვის მდგომარეობით მიღებული სახსრები შეადგენს 208,8 მლნ ლარს. სხვა შემოსავლებში მობილიზებულია 258,9 მლნ. ლარი რაც წლიური გეგმის 67%-ს აღემატება. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 11 415 475.0 ათასი ლარით. 6 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯი შეადგენს 5 326 569.4 ათასი ლარს, რაც 6 თვის დაგეგმილი მაჩვენებლის 95.1%-ია.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის კომპეტენციის სფეროში შემავალ სამინისტროზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ  ეს მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 95%-ზე მაღალია. მომხსენებლის განცხადებით, რიგ სამინისტროებში შესრულება 100 %-ზე მაღალია. სწორედ ასეთი გამონაკლისია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სადაც შესრულების მაჩვენებელმა 100%-ს  გადააჭარბა.  სამინისტროს მიერ გაწეულმა ხარჯმა  584 მილიონ ლარამდე შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 260 მილიონი ლარით აღემატება.

გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ იქნა ინიცირებული, რეგიონების ფონდიდან პირველ ეტაპზე  165 მილიონი ლარი განაწილდა, „თუმცა ამ თანხის გარდა თვითმმართველობებისთვის წლის ბოლოს გამოთავისუფლდა გარკვეული თანხები, სპორტული და კულტურული ობიექტების დასაფინანსებლად. გამოთავისუფლებული რესურსი ასევე მოხმარდა ამ პროექტების თანადაფინანსებას და შედეგად მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტების გავლით 800 მილიონამდე ლარი დაიხარჯა,"-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა  მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა მხარჯავი ორგანიზაციების მიხედვით წარმოადგინა. მისი განცხადებით, 2017 წლის 2 კვარტლის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და სამინისტროს ყველაზე მაღალ ისტორიულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა.

მომხსენებლის განმარტებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები 2017 წელს ძირითადად შემდეგი მიმართულებების მიხედვით განაწილდა:

გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია-167,8 მლნ. ლარი

საბავშვო ბაღების მშენებლობა- 18,9 მლნ. ლარი

სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია- 15,8 მლნ. ლარი

წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცი-15,0 მლნ. ლარი

კულტურის ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია- 4,2 მლნ. ლარი

სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია-4,0 მლნ. ლარი

მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცი-3,0 მლნ. ლარი

დასვენების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია- 3,7 მლნ. ლარი

სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები- 11 მლნ. ლარი

2017 წლის 8 თვის მდგომარეობით, 729 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთავრობის განკარგულებებით და მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განსაზღვრულის 245,7 მლნ. ლარი. შესრულებულია 140,4 მლნ. ლარის ღირებულების პროექტები.

მომხსენებლებმა  კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

“6 თვის მონაცემებით, საშემოსავლო ნაწილის ყველა მუხლი არის გადაჭარბებით შესრულებული, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ წლის ბოლოს, შემოსავლების ნაწილში დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრს გადავაჭარბებთ, რაც ძალიან სასიხარულოა. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 33%-ით ხოლო იმპორტი 8,8%-ით გაიზარდა, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა,"-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა მინისტრს, იმისთვის, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  რეგიონული პროექტებისთვის ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მიეცა. „საერთო ჯამში რეგიონებში თვითმმართველობების ბიუჯეტის გავლით 800 მილიონი იხარჯება, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალი წლის  ბიუჯეტიდან  გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს არის რეგიონული განვითარება. მეტი ურბანული ცენტრისა და ინფრასტრუქტურის შექმნა რეგიონებში, რათა შევაჩეროთ ძალიან არასასიამოვნო პროცესი, რასაც რეგიონიდან მსხვილ ქალაქებში მიგრაცია ჰქვია,"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში|"  ცნობად მიიღო.

დეპუტატებმა დღესვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს სარატიფიკაციო დოკუმენტებს , რომლებიც კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი"

„2016 წლის 11 მაისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსის პროექტი)" N1 ცვლილების შეთანხმება"

„2010 წლის 28 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს საპორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)" N2 ცვლილება

„2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა -პროექტი 2)" N3 ცვლილების", 2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)" N1 ცვლილების" და „2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)" N2 ცვლილების" წერილ-შეთანხმება

ü  „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)"

„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)"

„საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)

„2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3) „ N2 ცვლილების რატიფიცირების თაობაზე"

„2014 წლის 13 მაისის „საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების წერილი-შეთანხმება"

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს არანაკლებ 30000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" პირველი მოსმენით განხილვისათვის   ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა მაია კუპრავამ წარუდგინა.

 30 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებულია ცვლილებები,  პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, პარტიულ სიაში ყველა მეორე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ცესკოს კი ენიჭება უფლებამოსილება, ამ წესის არ დაცვის შემთხვევაში, პარტიის რეგისტრაციაზე განაცხადს დაადოს ხარვეზი, ხოლო ხარვეზის არ გამოსწორების შემთხვევაში, უარი უთხრას რეგისტრაციაზე. გარდა ამისა, თუ საკრებულოს ან პარლამენტის წევრი უარს იტყვის საკუთარ მანდატზე, ან სხვაგვარად შეწყდება მისი უფლებამოსილება, ის უნდა ჩანაცვლდეს, სიაში მომდევნო, იმავე სქესის წარმომადგენლით, ხოლო თუ სიაში მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი არ არსებობს, მაშინ მანდატი უნდა გაუქმდეს.

„იმედი მაქვს პრინციპების და აქცენტების დონეზე ჩვენი კომიტეტი იქნება ერთსულოვანი. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ქალებს მიეცეთ შანსი უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც 2024 წლიდან განსაზღვრულია მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და  ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც დღეს პარლამენტში ქალთა რაოდენობას ასახავს, გაიზრდება, მით უფრო, თუ დაკომპლექტება იმ ტენდენციით გაგრძელდება, რაც უკვე დღეისათვის არსებობს. შესაბამისად, ქალთა მონაწილეობა ზოგადად, არჩევით ორგანოებში იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე არის დღეს,"-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და სხდომის წამყვანმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

საკითხის ირგვლივ მსჯელობა გაიმართა. დეპუტატებმა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს.  მომხსენებელმა კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა.

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კვოტირების საკითხს გენდერულ საბჭოს წევრთა სრული უმრავლესობის და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა აქვს. „ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გვქონდეს გარკვეული გარღვევა და დავდოთ გარანტია, რომ ქალები პოლიტიკაში არიან და მათი პოლიტიკაში ყოფნა კაცების კეთილ ნებაზე დამოკიდებული არ არის,"-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილმა მიმართა საკანონმდებლო ინიციატივის ინიციატორებს წარმოედგინათ პარლამენტს გარეთ მყოფ პოლიტიკურ პარტიათა პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით. „პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური სპექტრი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მათ უნდა მივცეთ შანსი, შეარჩიონ თავიანთი შემადგენლობა და ხელი უნდა შევუწყოთ მათ განვითარებას,"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომიტეტის წევრები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნასაც  გაეცნენ.

კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ პარტიული სიები უნდა დაკომპლექტდეს ისე, რომ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. კანონპროექტის ეს ჩანაწერი, ძალაში შესვლის შემთხვევაში, აზრს უკარგავს, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" 30-ე მუხლის 71  პუნქტს, რომლის თანახმადაც, პარტია მიიღებს საბაზო დაფინანსების 30 % დანამატს, თუ კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი ეყოლება სულ მცირე 30 %-ით.

კანონპროექტის თანხმად, პარტიული სიით არჩეული, გამოკლებული კანდიდატის ნაცვლად, მის ადგილს იკავებს მისი ადგილმონაცვლე, სიაში მომდევნო, იმავე სქესის კანდიდატი. თუ ის თანხმობას არ განაცხადებს მაშინ მისი მომდევნო, იმავე სქესის  კანდიდატი და ა.შ. თუკი სიაში იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. კომიტეტის აზრით, უმჯობესი იქნება, თუ სიაში აღარ არის იმავე სქესის კანდიდატი, უფლებამონაცვლედ შევიდეს საპირისპირო სქესის კანდიდატი და მანდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდეს, თუკი სიაში კანდიდატი საერთოდ აღარ იქნება დარჩენილი.

კომიტეტს მიაჩნია რომ, გენდერული კვოტირების მსგავსი მოდელის დაწესებისას, საარჩევნო ბლოკების შემთხვევაში, რთული იქნება  ადგილმონაცვლეობის პროცესის განხორციელება.

კომიტეტი მიიჩნევს რომ კანონპროექტის ფორმულირება, რომ პარტიული სიები დაკომპლექტდეს ისე, რომ სიაში ყველა მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, საჭიროებს გადამუშავებას, რომ მივიღოთ ქვოტირების უფრო მოქნილი სისტემა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, პრინციპების დონეზე მხარი ერთხმად დაუჭირა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, დღესვე, კომიტეტის ანგარიში (2016 წლის ნოემბერი - 2017 წლის სექტემბერი) გაწეული საქმიანობის შესახებ ცნობად მიიღო.