ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები, ჩვენ გვაინტერესებს როგორ ჩაივლის არჩევნების პროცესი

ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები, ჩვენ გვაინტერესებს როგორ ჩაივლის არჩევნების პროცესი

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში არ ჩავერევით და ასევე, არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები - ჩვენ გვაინტერესებს როგორ ჩაივლის მთლიანად არჩევნების პროცესი და რამდენად იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეუთო-ს მისიის მთავარი როლი და ფუნქციაა, დააკვირდეს არჩევნებს და დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე ანგარიში მოამზადოს.

„ჩვენი მანდატი გულისხმობს არჩევნების შეფასებას როგორც ეს ხდება ეუთო-ს ყველა მონაწილე ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება პროცესი ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს და სტანდარტებს, რომელიც გულისხმობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. ასევე იმას, თუ რამდენად შეესაბამება ეს პროცესი ადგილობრივ კანონმდებლობას“, - განაცხადა კორიენ იონკერმა.

მისივე განმარტებით, სადამკვირვებლო მისია ასევე შეაფასებს სხვადასხვა საკითხს არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების, მასმედიის მიერ არჩევნების გაშუქების შესახებ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დამკვირვებლები საქართველოში დღეიდან, არჩევნების დამთავრებამდე იმუშავებენ.