როდესაც ზოგიერთი პარტია დღედაღამე ატარებს აგიტაციას და თურმე შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული თანხები არალეგალურად გადამალული აქვს

როდესაც ზოგიერთი პარტია დღედაღამე ატარებს აგიტაციას და თურმე შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული თანხები არალეგალურად გადამალული აქვს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ როცა ესა თუ ის პარტია დღედაღამე დადის, აგიტაციებს ატარებს და აღმოჩნდება, რომ შემოწირულობა არ აქვს, ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები არალეგალურად აქვთ გადამალული.

სოზარ სუბარი აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც პარტიების შემოწირულობებს ეხება.

“თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილე 300 თუ 700 პარტია 400 ათას ლარად დადის და ეწევა აგიტაციას, ეს არის ტყუილი. ზოგადად ჯობია, რომ ყველა პარტიას დეკლარირებული ჰქონდეს თავისი შემოსავალი. „ქართულ ოცნებას“ ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული. შესაბამისად, კითხვები უნდა იყოს იმ პარტიებთან, რომლებიც დადიან რეგიონებში, დღედაღამე ატარებენ აგიტაციებს და თურმე შემოწირულობა არ აქვთ. ცხადია, ამ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები აქვთ არალეგალურად გადამალული, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, რომელთა შემოსავლებზე გაჩნდა ეჭვები, ცხადია, მათ პასუხი უნდა გასცენ აუდიტის სამსახურს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მლნ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ - 323 675 ლარი, ხოლო ”ნაციონალურ მოძრაობას” - 5 432 ლარი შესწირეს.

მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვთ 7.726.993.45 ლარი.

აღსანიშნავია, რომ შემოწირულობებთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დაკითხვაზე დაიბარეს.