„აშშ-ს შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის მიმართ“

„აშშ-ს შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის მიმართ“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით და რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

„აშშ-მ აღშფოთება გამოხატა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების და გამშვები პუნქტების დახურვის გამო“, - ამის შესახებ აღნიშნულია შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.

ვაშინგტონში შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს კვლავ მოუწოდეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

„აშშ-მ ხაზი გაუსვა იმას, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებას ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. შერიგებისა და სამოქლაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ამერიკა ადასტურებს, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია.

„აშშ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ მას აქვს აბსოლუტურად შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის. ამ კონკრეტული ჩანაწერით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიების შუაგულში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სხვადასხვა დაბრკოლებისა და ბარიკადების მშენებლობა, ექნება ამას მავთულხლართების, მიწათხრილების, ბანერების თუ რაიმე სხვა ფორმა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.