პრემიერს საქართველო ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიაჩნია და არა პოსტსაბჭოთა ქვეყნად

პრემიერს საქართველო ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიაჩნია და არა პოსტსაბჭოთა ქვეყნად

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, არამედ ის აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული ქვეყანაა.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ევროკავშირის არსებობა, რომელიც მხარს უჭერს ღირებულებებზე დაფუძნებულ მისწრაფებებს ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების არსებობა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ნატოს არსებობა. ნატო წარმოადგენს დღესდღეობით ცივილიზებულ სამყაროში არსებულ ერთადერთ ინსტიტუციურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რეგიონში. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს, დაეხმარონ საქართველოს (როგორც დასაწყისში უკვე ვახსენე) რეფორმების გზაზე არა მხოლოდ თანმიმდევრულ წინსვლაში, არამედ ჩვენი რეფორმების ტემპის შენარჩუნებაში. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 26 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა იმის მიღწევა, რასაც ჩვენ დღემდე მივაღწიეთ. მეგობრებისა და მოკავშირეების, ევროკავშირის დახმარების გარეშე, თავად ქვეყნის, საქართველოს არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.

ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ოკუპაციის და ყოველდღიურად არსებული საფრთხეების მიუხედავად, ქვეყანა გაერთიანებულია ერთი მიზნის გარშემო, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენი საგარეო პოლიტიკის მისწრაფებებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისების დაუშვებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც აქვს ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებისა და სრულფასოვანი წევრობის მისწრაფებები. სწორედ ამაში გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა უზრუნველვყოთ პოზიციებისა და აზრის კონსოლიდაცია, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებთან და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.