ფონდ

ფონდ "იავნანას" ოფისში ჟურნალისტები არ შეუშვეს

საქველმოქმედო ფონდ "იავნანასთან" მისულ ჟურნალისტებს დღეს ოფისის კარი არ გაუღეს. ჟურნალისტებს სურდათ, ფინანსური მაქინაციების თაობაზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე ფონდის ხელმძღვანელების პასუხები მოესმინათ.

შენობის დაცვის წევრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ოფისში პასუხისმგებელი პირი არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, ის კარს ვერ გააღებდა.

PosTV-ს საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძესა და ფონდ “იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.

საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა.

საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-მ დღეს გამოაქვეყნა, დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად „იავნანამ“, ჯამში, სულ რაღაც, 820 000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი – 1 760 000 ლარი გასცა.

"თითოეული თქვენგანი, ვისაც ოდესმე შეგიწირავთ თანხა ფონდ „იავნანასთვის", დოკუმენტურად დარწმუნდებით, რომ რეალურად პაატა ბურჭულაძის საზღვარგარეთულ ვოიაჟებს, ფეშენებელურ ავტოპარკსა და პომპეზურ კონცერტებს აფინანსებდით", – აღნიშნავენ ფილმის ავტორები.