რუსიფიკაცია გრძელდება - სამხრეთის სამხედრო ოლქში რუსი სამხედროების 4 000 ოჯახი ჩაასახლეს

რუსიფიკაცია გრძელდება - სამხრეთის სამხედრო ოლქში რუსი სამხედროების 4 000 ოჯახი ჩაასახლეს

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ ცხინვალში, ვლადიკავკაზსა და სტავროპოლში 2017 წლის განმავლობაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების 4 ათასამდე ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა.

ინფორმაციას სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვადიმ ასტაფიევი ავრცელებს.

"სამხრეთ სამხედრო ოლქში მიმდინარე წლის 8 თვეში, მუდმივი და სამსახურეობრივი საცხოვრებლით სამხედრო მოსამსახურეების დაახლოებით 4 ათასი ოჯახი უზრუნველყვეს. მათ თანამედროვე საცხოვრებელი ბინები გადაეცათ ქალაქ სტავროპოლში, ვლადიკავკაზსა და ცხინვალში, ასევე კრასნოდარის მხარეში", - აცხადებს ასტაფიევი.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი, რომელიც ფედერაციის სამხრეთი საზღვრების დაცვას ითვალისწინებს, 2010 წელს შეიქმნა.

რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე სომხეთში დისლოცირებული ნაწილები. სომხეთში გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე, არის რუსეთის 100-მდე ტანკი, 140-მდე ჯავშანმანქანა, 70-მდე საარტილერიო სისტემა D-30, კონტინგენტი კი დაახლოებით 6000 კაცს შეადგენს.

2008 წლის 26 აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს დაასრულა გასვლა, თუმცა რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დატოვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.