ავღანეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი აფეთქებებისას დაშავებული არც ერთი ქართველი სამხედროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ავღანეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი აფეთქებებისას დაშავებული არც ერთი ქართველი სამხედროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამშვიდობო მისიების შესრულების დროს დაშავებული არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 4 -ვე დაშავებულ სამხედროს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

„6 სექტემბერს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებული, II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. იგი გერმანიაში ლანდშტულის რეგიონალური ჰოსპიტალის რეანიმაციაში იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.  გერმანიაში იმყოფებიან ამავე დღეს დაშავებული სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. სამხედრო მოსამსახურეები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება 11 სექტემბერს ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავებულ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალ ზაურ ზურაბის ძე კომახიძეს, მისი ჯანმერთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან და განაგრძობს სამშვიდობო მისიის შესრულებას“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.