ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს

ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება. ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე - საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს.

პრემიერის შეფასებით, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ი საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია.

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.