ნინო გოგუაძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

ნინო გოგუაძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, განიხილეს თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს საქართველოს ლიტვა, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით.

„ივნისში ლიტვამ საქართველოს მხარდამჭერი სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას გულისხმობს ყველა მიმართულებით. ეს ეხება როგორც პარლამენტს შორის ურთიერთობებს ასევე, პარტიებს შორის ურთიერთობების განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას და ა.შ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას ურთიერთობის ისეთი ფორმატი, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გაცვლის გამოცდილებას და ინფორმაციას იმ პროცესების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, ის ადამიანები და ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერები არიან, ზუსტად იყვნენ ინფორმირებული თუ რა ხდება ქვეყანაში", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო გოგუაძემ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით საქართველო ლიდერი ქვეყანაა.

„ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას აღიარებენ ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნები. სტუმრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს რომ საქართველო არის ლიდერი და მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. ისინი მზად არიან ამ მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღეს გამართულ შეხვედრაში ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარიაც მონაწილეობდა.

ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 10 სექტემბერს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სტუმრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართეს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან.