უკრაინაში დავინახეთ პოლიტიკური დევნის საშუალებით ოპონენტის მოშორების აშკარა მცდელობა, რასაც საზოგადოების და მთელი ოპოზიციის სრულიად სამართლიანი, ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საფუძვლები ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა.
„სამწუხაროა, რომ ამ სრულიად ეგზოტიკური და სამარცხვინო პოლიტიკური დევნის საფუძვლები შექმნა ივანიშვილის ხელისუფლებამ. სწორედ მან გააგზავნა მოთხოვნა დაკავებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკა ყველას მიერ, ჩვენი პარტნიორების მიერ შეფასებულია როგორც პოლიტიკური დევნა, რომ მას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. მან შექმნა საფუძველი იმისა, რაც დღეს ხდება უკრაინაში, რასაც იყენებს უკრაინის ხელისუფლება. შესაბამისად, ეს მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა სერგო რატიანმა.