უკრაინის პოლიტიკურმა ისტემბლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, როცა ეს „ტროას ცხენი“ თავისთან შეათრია და მის ავანტიურისტულ საქმიანობას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატის აზრით, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალება გამოიყენოს, რათა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში მიეცეს.
"სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი. ამიტომ ის ფორმები და მეთოდები, რომელსაც ის ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია არეულობებისკენ. არც სამართლებრივი და არც მორალური ჩარჩოები მას პოლიტიკური საქმიანობის დროს არა აქვს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი, ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მისი ადგილი, ჩემი აზრით, არის ციხეში და არა პოლიტიკაში; აქეთ-იქით კი არ უნდა ხტუნაობდეს, ის უნდა იჯდეს, სადაც ეკუთვნის ადგილი, გამომდინარე დანაშაულებრივი სისტემის შექმნიდან, რომლის ავტორი იყო და ასობით, ათასობით ადამიანის წამების და სისხლის სანაცვლოდ. დღეს არავინ ზის ციხეში ისეთი, ვინც სააკაშვილზე უფრო დამნაშავეა. თუ იქ ზის ადამიანი, თუნდაც ორი კაცის მკვლელობისთვის, სააკაშვილს უფრო მეტი ჰყავს მოკლული, მეტისთვის აქვს ქონება წართმეული... ვიღაც შეიძლება იჯდეს იმის გამო, რომ ვიღაც გაქურდა, მაგრამ სააკაშვილმა ასობით ათასობით ადამიანი გაქურდა. სააკაშვილზე უფრო დიდი კრიმინალი დღეს ქართულ საზოგადოებას არა ჰყავს", - განაცხადა ფოფხაძემ.