საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, როგორც სანქციების, ასევე პოლიტიკური მოლაპარაკებების კუთხით, აშშ-სგან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, როგორც სანქციების, ასევე პოლიტიკური მოლაპარაკებების კუთხით, აშშ-სგან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს

ამერიკის შეერთებულ შატებში შეხვედრებისას მთავარი აქცენტი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე და ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაკეთდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს როგორც სანქციების, ასევე პოლიტიკური მოლაპარაკებების კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი, როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მხრიდან საუბარი იქნება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაში, პირველ რიგში მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველო-ამერიკის სტატეგიულ პარტნიორობაზე, როგორ უნდა გაღრმავდეს კიდევ უფრო ეს ურთიერთობები. ასევე, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და როგორ უნდა წარმოიწიოს ეს საკითხი ქართულ-ამერიკულ დღის წესრიგში. მთავარი თემა არის ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყოს ამერიკისთვის როგორც სანქციების, ასევე პოლიტიკური მოლაპარაკებების კუთხით და უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ამ საკითხს. კონკრეტული თემა არის ადამიანების თავისუფლად გადაადგილების საკითხი, რაც პრობლემად რჩება. ადამიანები ვერ ახერხებენ გადავიდნენ ამ გამყოფ ხაზზე და ეს მათ ყოველდღიურად პრობლემას უქმნის.ასევე, ამ შეხვედრებზე ცალკე მსჯელობის საგანი იქნება ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება დემოკრატიის კუთხით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 10-16 სექტემბერს შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის წევრებთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, ვილიამ სვენისთან, ასევე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრა მაკკეინის ინსტიტუტის, “ფრიდომ ჰაუსის“(Freedom House) და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები „კარნეგის ფონდის -საერთაშორისო მშვიდობისთვის“ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.