გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ომს ითხოვს.
ჰეილის თქმით, აშშ-ის არ სურს კონფლიქტი ფხენიანთან, თუმცა მისი მოთმინება უსაზღვრო არ არის. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ კრიზისთან დაკავშირებით მსჯელობენ.
აშშ-ის ელჩის თქმით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ აშშ უშიშროების საბჭოს წევრებს უმკაცრესი ზომების მიღებას სთხოვს.
„ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა კიდევ უფრო განვითარებული და საფრთხის შემცველია. ომი არ არის ის, რაც აშშ-ს სურს. ჩვენ არ გვინდა ის ახლა, თუმცა, ჩვენი ქვეყნის მოთმინება უსაზღვრო არ არის“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის წარმატებული გამოცდის შესახებ გუშინ განაცხადა. წყალბადის ბომბის აფეთქებამ კორეის ნახევარკუნძულზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. ეს ფხენიანის რიგით მეექვსე ბირთვული ცდა იყო.