ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები.
ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბელარუსის მხრიდან საქართველოსადმი არსებულ გამორჩეულ დამოკიდებულებას და მეგობრობას.
„თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ, ჩემი პირადი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქვეყნის მონახულებას. საბედნიეროდ, ჩემი ოცნება ახდა და ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული შთაბეჭდილებით. ის ნამდვილად შეესაბამება საქართველოს შესახებ მოსმენილსა და ნამღერს.
ქართველები ჩვენი მოძმე ერია, ჯერ კიდევ საბჭოთა დრომდე პერიოდში და უშუალოდ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. ბევრი თქვენი თანამემამულე და ჩვენი ძმა დაიღუპა დიდი სამამულო ომის პერიოდში ბელარუსში ბრძოლისა და ბელორუსიის განთავისუფლების დროს. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. რომელი ხსოვნის მემორიალიც არ უნდა მოინახულოთ, თქვენ მასზე აუცილებლად ნახავთ ქართულ გვარს და ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ამ ხსოვნას, ვუფრთხილდებით აღნიშნულ მონუმენტებს და ვუვლით მათ.
ჩვენ მოწიწებით ვეპყრობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ხოლო მიუხედავად დისტანციისა ჩვენს ერებს ისტორიის არაერთი საერთო ფურცელი დაუწერია.
ჩვენთვის ცნობილია, რომ დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების და მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას.
ჩვენ ასევე კარგად ვიცით თუ საიდან იღებს სათავეს კაცობრიობა პლანეტის ამ ნაწილში და სწორედ ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ",- განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას.
მისი განცხადებით, ორი ქვეყნის ისტორიული კავშირები მხარეებს უბიძგებს შეინარჩუნონ და განავითარონ მჭიდრო ურთიერთობები. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერის მხრიდან აღინიშნა, რომ ორმხრივმა თანამშრომლობამ ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლამ.