ხანძრებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა სავარაუდო და დასაშვები მიმართულება უნდა იყოს შესწავლილი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ განუცხადა.
კობალაძე გამოეხმაურა ანალიტიკოსის და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის ვარაუდს, რომ ტყეებში ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები იყოს.
”საგამოძიებო უწყებები არის ჩართული ამ ყველაფერში. ათასი ვერსია იქნება, ყველას ცალ-ცალკე ხომ ვერ განვიხილავთ? არის საგამოძიებო უწყებები, მათი პრეროგატივაა და გამოიკვლევენ. მე ვფიქრობ, ყველა მიმართულება უნდა იყოს განხილული. აბსოლუტურად ყველა მიმართულება, სავარაუდო და დასაშვები უნდა იყოს განხილული და შესწავლილი. ჩემი პირადი მოსაზრება ხანძრებთან დაკავშირებით არის ის, რომ აუცილებელია მოხდეს შესწავლა”, - განაცხადა კობალაძემ.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დივერსიას, კობალაძე პასუხობს, რომ ”არც არაფერს გამორიცხავს და არც არაფერს ამატებს”.
”მშვიდად, წყნარად ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი”, - აღნიშნა დეპუტატმა.