პარლამენტის ვებ-გვერდზე აღარ დევს ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო პროექტი - ახლა სავარაუდოდ, ჩაასწორებენ და გამოაცხობენ ახალ დოკუმენტს

პარლამენტის ვებ-გვერდზე აღარ დევს ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო პროექტი - ახლა სავარაუდოდ, ჩაასწორებენ და გამოაცხობენ ახალ დოკუმენტს

იურისტ ლევან ალაფიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის ვებ-გვერდზე აღარ დევს 23 ივნისს, მე-2 მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო პროექტი და დადგენილება, რომელიც 21 ივლისამდე გამოქვეყნებული იყო.

როგორც ალაფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული აფიქრებინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებულია, შესაძლოა შეცვალონ.

„ნამდვილად ვიცი, რომ 21 ივლისს იდო ეს კანონპროექტი. ახლა

როგორც გავიგე, პარლამენტში აცხადებენ, რომ ვებ-გვერდზე იდო მეორე მოსმენამდელი კანონპროექტი და არა მეორე მოსმენით მიღებული. ამბობენ, რომ შეცდომა მოუვიდათ და ამიტომ აიღეს. თუმცა, მე უშუალოდ ვნახე, რომ 21 ივლისს იდო მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი. მიწასთან დაკავშირებული საკითხი დავდე ამ კანონპროექტიდან. თუმცა, ახლა ამ ლინკზე მიბმულია პაციენტის უფლებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება. 21 ივლისიდან დღემდე რით ვერ დაარედაქტირეს და გამოკიდეს ვებ-გვერდზე? პარლამენტმა ხომ ისე მიიღო ეს კანონპროექტი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა, ახლა, სავარაუდოდ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადების საფუძველზე, რომელიც 1-ელ სექტემბერს გამოიგზავნა, დაარედაქტირებენ მეორე მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს. ჩაასწორებენ და გამოაცხობენ ახალ დოკუმენტს. აქ ერთი რამეა, რომ ეს საკითხები კენჭნაყარი არ იყო. გარდა ამისა, შესაძლოა, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნული საკითხები კი არა, სხვა საკითხებიც ჩაასწორონ, მაგალითად, აქამდელი ჩანაწერი მიწის საკუთრების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ტერმინი „მიწა“ იყო მოხსენიებული და არა სასოფლო სამეურნეო მიწა. ახლა, შესაძლოა, ჩასწორდეს და გაკეთდეს „სასოფლო სამეურნეო მიწა“. მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში კი მხოლოდ მიწაა მოხსენიებული და არა სასოფლო სამეურნეო მიწა. ის, რასაც კენჭი უყარეს და კონსტიტუციაშიც აისახება, ყოველგვარ საკუთრებას უზღუდავს უცხოელებს. ეს ჩანაწერი ახლა შეიძლება შეცვალონ და არასასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრებაში ქონის უფლება უცხოელებსაც მიეცეს. იყო ასევე სხვა საკითხებიც, გარდამავალი დებულების გაჩენა და ა.შ.“, - აცხადებს ალაფიშვილი.

მისივე განცხადებით, თუ მისი ვარაუდი გამართლდება, „ეს იქნება არა მხოლოდ კანონზე, არამედ კონსტიტუციაზე და ინსტიტუტებზე ძალადობის ფაქტი“.

„კონსტიტუციაზე ძალადობის იმ მხრივ, რომ რეალურად კონსტიტუცია აძლევს პარლამენტს ლეგიტიმაციას, განიხილოს და კენჭისყრით მიიღოს განხილული საკითხი. თუკი განხილული და კენჭნაყარი არ იყო, ეს ნიშნავს კონსტიტუციური ინსტიტუტის უგულვებელყოფას, იმავე ინსტიტუტისას, რომელშიც ეს პოლიტიკოსები იღწვიან. კონსტიტუციის გარდა არის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები, ისიც თუ დარღვეულია. ამ შემთხვევაში უბრალო კანონდარღვევაზე კი არა, სახელმწიფოებრივ საფრთხეზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომლის პრეცედენტიც წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ, იყო. თუკი ეს ფაქტი დადასტურდა, რომელზეც ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ეს იქნება გაგრძელება, ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ, იმ ხელისუფლების საქმიანობის წესის, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა უთხრა არა“, - განაცხადა ალაფიშვილმა.