უმრავლესობამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა

უმრავლესობამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა

უმრავლესობამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა და  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არსებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა ფრუიძემ განაცხადა.

,,ოპოზიცია ულტიმატუმის ენით გველაპარაკება. ამ ენით საუბრის შემთხვევაში, ჩვენ დიალოგზე ვერ ვილაპარაკებთ. დიალოგი არის იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე მზადაა, დათმობებზე წავიდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ოპოზიციისგან ეს მზაობა ვერ დავინახეთ. ეს რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია. უმრავლესობამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. თავიდანვე იყო განცხადება გაკეთებული, რომ ჩვენ კონსტიტუციის პროექტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შევიმუშავებდით. ეს მოხდა - ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირინა ფრუიძემ.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას,  რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას ეხება, ფრუიძემ განაცხადა, რომ “ვენეციის კომისია კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებს არ ეხება“.

დეპუტატის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს მოხდება.