პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს მიიღებს.
მისივე თქმით, მესამე მოსმენის ფარგლებში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში მხოლოდ რედაქციული, სტილისტული ცვლილებები შევა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ხოლო შინაარსობრივი ცვლილებები მასში არ განხორციელდება.
“კონსტიტიციური კანონის პროექტი ორი მოსმენით მიღებულია. კანონმდებლობის მიხედვით, მეორე და მესამე მოსმენებს შორის მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალი უნდა იყოს, რათა პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილოს და მიიღოს კონსტიტუციური კანონპროექტი. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ 24 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელია პარლამენტმა მესამე მომსმენით, საკონსტიტუციო კანონი განიხილოს. ძალიან დიდი ალბათობით, პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე, მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და გვექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულყოფილ, გამართულ კონსტიტუციურ სისტემას დააფუძნებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა.
ამასთან, მმართველ გუნდში თავს იკავებენ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადების შეფასებისგან, რომელიც პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე მასში ცვლილებები საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისა და ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიტანოს.