ევროპასთან ინტეგრაცია დასრულდება იმ დღესვე, როგორც კი კონსტიტუციის პროექტს შესწორების გარეშე დაამტკიცებენ

ევროპასთან ინტეგრაცია დასრულდება იმ დღესვე, როგორც კი კონსტიტუციის პროექტს შესწორების გარეშე დაამტკიცებენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია იმ დღესვე დასრულდება, როგორც კი კონსტიტუციის პროექტში შესწორებას არ შეიტანენ და ისე დაამტკიცებენ.

როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, ხელისუფლება კონსტიტუციის პირველ პროექტს უნდა დაუბრუნდეს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

„საერთო სახალხო განხილვაზე მათ განიხილეს კონსტიტუციის ვერსია, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ თუ ეს ასე არ იქნებოდა, გადადგებოდა. შემდეგ თქვა, რომ იხუმრა. ეტყობა, ასეთი ხუმარა ადამიანია და პირველი და მეორე მოსმენით მიიღეს ისეთი ვერსია, რომელიც საერთო სახალხო განხილვაზე არ ყოფილა.

პატარა ბავშვიც ხვდება ასეთ უსინდისობას, პოლიტიკურ თაღლითობას ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც კი, რომელიც ბევრ რამესაა მიჩვეული, გაოგნებული დარჩა. ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა ევროპას გავაკვირვებთო, როგორც იქნა მოახერხეს ევროპის გაკვირვება. ამიტომ აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს იმ ვერსიას, რომელიც ხალხთან განიხილეს და ის უნდა მიიღოს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას ვენეციის კომისიაც ფეხებზე ჰკიდია, ქართველის ხალხიც და საქართველოს მომავალიც“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, თუ საქართველოს კონსტიტუციის პროექტში შესწორებას არ შეიტანენ, ევროპასთან ინტეგრაციას წერტილი დაესმება.

„ბევრნი არიან და ერთმანეთს ამხნევებენ, უმრავლესობა ვართ და რა მნიშვნელობა აქვს ახლა პოლიტიკური პარტიები, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე და ხალხი რას ფიქრობსო. ასეთი უსაქციელობის გამო ყველა ერთად უნდა გადადგეს, მაგრამ რაც შემიძლია ახლა ხელისუფლებას ვუთხრა არის ის, რომ გაიწვიოს კანონპროექტი მეორე მოსმენიდან და განიხილონ ის ვერსია, რომელიც ხალხთან განიხილეს, ასევე მათ ამას მთელი ოპოზიციური სპექტრი სთავაზობდა. ერთი პატარა პარტიაც ვერ იპოვეს, რომელიც გვერდით დაუდგებოდა და ეტყოდა, რა კარგია ამ კონსტიტუციას რომ იღებთო. გასაგებია, რომ შეშფოთებულია ევროპა და ზოგიერთს ჰგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აქვს მნიშვნელობა. საქართველო აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას და ევროსაბჭოში უნდა მოგვეხსნას მონიტორინგი, როგორც უზრდელ და ადამიანის უფლებებში ჩაუხედავ ქვეყანას, ამ მონიტორინგს ვინ მოგვიხსნის ასეთი კონსტიტუციის მერე?! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ ვკეტავთ ევროპის გზას და მივდივართ აზერბაიჯანიზაციის და რუსეთიზაციის და ა.შ გზით; ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის გზაზე შედგა საქართველოს ხელისუფლება. თუ გონს მოვა, კარგი იქნება, თუ არადა, სწორედ მათი კონსტიტუციით სხვა პარტია მოიგებს ერთ დღეს არჩევნებს, წაიღებს უმრავლესობას და ამათ დატოვებს ისე. მერე ვიცი რაც მოხდება - გაირკვევა, რომ ესენი დამნაშავეები არიან, წავლენ ციხეში და ეს პროცესი არასოდეს დამთავრდება საქართველოში. უკან რომ დაიხიონ, როგორც ჩანს, ოქრიაშვილი საყვედურს ეტყვის. ოქრიაშვილმა დაანგრია თითქოს კონსტიტუცია, ვისაც ეს სჯერა, დაიჯეროს. თუ ოქრიაშვილზე გადის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზა, მე როგორც ეროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გეუბნებით, რომ ევროპასთან ინტეგრაციას დაესმება წერტილი, როგორც კი საქართველოს კონსტიტუციის პროექტში შესწორებას არ შეიტანენ“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ვენეციის კომიისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე მასში ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისა და ჩვენი დასკვნის საფუძველზე.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას ერთ თვეში, 6-7 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.