შანსი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გამოიღვიძებს და მიიღებს კონსტიტუციას, რომელიც გამოხატავს პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის აზრს, ნულის ტოლია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლევან თარხნიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება, რომ მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია კონსენსუსით უნდა მიიღოს, დემოკრატიული პროცესებისთვისაა დამახასიათებელი.
„გასაგებია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ეს პოზიცია გამომდინარეობს საერთაშორისო ნორმებიდან, პრაქტიკებიდან და საღი აზრიდან, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანში არის და დემოკრატიული პროცესებისთვისაა დამახასიათებელი. ცვლილებები, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, კონსტიტუცია, პრეზიდენტის არჩევნის წესი და ა.შ. რასაც მთლიანად აქვს გავლენა საზოგადოებაზე, მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსით და ფართო დიალოგით. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მმართველ გუნდს არც ესმოდა და არც ახლა ესმის.
შანსი იმისა, რომ ეს საქართველოში მოხდეს, მინიმალურია და შეიძლება ითქვას, რომ არც არსებობს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმას გვაჩვენებდა, რომ საერთოდ არაა დაინტერესებული დიალოგით, არაა დაინტერესებული კონსენსუსით.
პირველი ეტაპი იყო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, რომელშიც ჩაება თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. მიუხედავად ამისა, ბოლოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა კომისია, რადგან გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღებოდა მმართველი გუნდის მხრიდან.
მეორე ეტაპი იყო განხილვები პარლამენტში და სახალხო განხილვები. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ნეგატიური წარსული გამოცდილება, „ევროპული საქართველო“ მაინც ჩაება ამ პროცესში, რადგან არსებობდა გადაწყვეტილების მიღების მცირე შანსი. ეს პროცესიც არ წარიმართა ნორმალურად და დასრულდა საერთოდ ანეკდოტურად. განვიხილავდით ერთ პროექტს, გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მივიღეთ კომისიის დასკვნა და საპარლამენტო განხილვაზე სულ სხვა პროექტი გავიდა - საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის არჩევის წესს, პროპორციულ სისტემას, როგორ უნდა გადანაწილებულიყო მანდატები, უნდა ყოფილიყო თუ არა ბარიერი და ა.შ. უცებ აღმოჩნდა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ არა 2020 წლიდან, არამედ 2024 წლიდან. შემდეგ იყო ვენეციის კომისიის მოწოდება დიალოგთან დაკავშირებით, თითქოს გაჩნდა ამის შანსიც, რომ დიალოგი წარმართულიყო, მაგრამ ახლა შანსი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გამოიღვიძებს და მიიღებს კონსტიტუციას, რომელიც გამოხატავს პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის აზრს, ნულის ტოლია“, - განაცხადა თარხნიშვილმა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ დიალოგის პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტის პირვანდელი ვერსიის განხილვას დაუბრუნდება.
„მე პირადად რწმენა იმისა, რომ რაიმე შეიცვლება, არ მაქვს. თუმცა, ჩვენ პოზიციას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. თუ საუბარი იქნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც საარჩევნო სისტემის ცვლილებაა. ახლა იქნება იქ ბლოკი თუ არა, იქნება ბარიერი თუ არა, ამ საკითხებზე დისკუსიის აზრს ვერ ვხედავთ, რადგან არაფერი შეცვლება. „ქართულ ოცნებას“ ეს ვერ გადაარჩენს, ხოლო სისტემის ცვლილებისთვის არაფრის გამომწვევი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოწოდებად რჩება, დავუბრუნდეთ საწყის ეტაპს - განვიხილოთ ის პროექტი, რომელსაც განვიხილავდით 6 თვის განმავლობაში, არც მეტი არც ნაკლები“, - განაცხადა თარხნიშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომიისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე მასში ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისა და ჩვენი დასკვნის საფუძველზე.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას ერთ თვეში, 6-7 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.