მთავრობის დავალებით ნადგურდება თურქი ბიზნესმენების მიერ წლობით ნაშენები ქართული სასწავლებლები

მთავრობის დავალებით ნადგურდება თურქი ბიზნესმენების მიერ წლობით ნაშენები ქართული სასწავლებლები

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე დემირელის სახელობის კოლეჯის დახურვას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დამნაშაული.  მისი შეფასებით, მთავრობის დავალებით ნადგურდება თურქი ბიზნესმენების მიერ წლობით ნაშენები ქართული სასწავლებლები.

..საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა, დემირელის სახელობის კოლეჯი უკანონოდ დახურეს. ასევე დახურეს ვარკეთილში მდებარე მსგავსი სასწავლო დაწესებულება. მანამდე იყო ბათუმის სკოლა. იგივე ბედი ელის მარნეულის, რუსთავის, ქუთაისის სკოლებს. საბოლოო მიზანი შავი ზღვის სერთაშორისო უნივერსიტეტის განადგურებაა. ამას სჩადის მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ყველაფერი ეს კეთდება ფინანსური პოლიციის, სუსისა და განათლების სამინისტროს ხელით. ინსტრუმენტად გამოყენებულია აკრედიტაციის საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია უღირსი და უნამუსო ადამიანებით.

უნამუსობას ვინ ჩივის, ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. მთავრობის დავალებით ანადგურებენ თურქი ბიზნესმენების მიერ წლობით ნაშენებ ქართულ სასწავლებლებს.

ესენი აუცილებლად დაისჯებიან. ასეთივე ბედი ელის ნოდარ ხადურს, ყოფილ ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ყოფილ ეკონომიკის მინისტრს და ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრს, გიორგი გახარიას, ყოფილ ბიზნესომბუდსმენს და ამჟამად ეკონომიკის მინისტრს და რა თქმა უნდა, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას. ფინანსური პოლიციის ყოფილი და დღევანდელი ხელმძღვანელობაც ამათ ბედს გაიზიარებს.

რატომ ვახსენებ ყოფილებსაც? იმიტომ, რომ ეს ამბავი დღეს არ დაწყებულა.

მთავრობამ შეგნებულად გააკოტრა ფინანსური პოლიციის ხელით ეს სასწავლებლები და აიძულებენ ან დაიხურონ, ან ჩალისფასად მიყიდონ ერთ-ერთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენს. არც ამ ბიზნესმენს უნდა შარში თავის გაყოფა, მაგრამ მასაც აიძულებენ. სასწავლებლების მეპატრონეები ამ ბინძურ გარიგებაზე არ მიდიან, ამიტომაც არიან ამ დღეში.

ხელისუფლება რომ არ არის მუდმივი, ეს პოლიტიკის კანონია. ამ საქმეს ბევრი გადაჰყვება. არავინ მიიღებს მერე მხედველობაში, რომ ”გარემოებას გაუწიეს ანგარიში”.

სოზარ სუბარმა, კიდევ ერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ სკოლების დახურვა არ იყო პოლიტიკური მოტივით ნაკარნახებიო. სუბარი არ არის ამ საქმეში დამნაშავე. არ არის ეს მისი პასუხისმგებლობის სფერო. იგი უბრალოდ, ასევე უნამუსოა. მან ყველაზე კარგად იცის, თუ რა ხდება ამ სასწავლებლებში. ის ასწავლის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელში, ისევე, როგორც მე, სხვათა შორის. მან კარგად იცის, რომ არც სკოლებში და არც უნივერსიტეტში ტერორისტები არ მუშაობენ. კარგად იცის, რომ უნივერსიტეტს მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დააკისრეს და მთელი ქონება დაუყადაღეს. შეჩერებულია უნივერსიტეტის ათეულმილიონი ლარის ღირებულების ახალი კორპუსების მშენებლობა აეროპორტის გზაზე. იგი ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიციაა განათლების სფეროში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

აი, ასე ”სუნთქავს თავისუფლად” დღეს ბიზნესი საქართველოში, აი, ასე ანადგურებენ ოცდასამი წლის განმავლობაში ნაშენებ საქმეს. არ შერჩებათ!”, - აცხადებს რომან გოცირიძე.