Reuters - დონალდ ტრამპი გაერო-ს სტრუქტურის რეფორმირების საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტის გამართვას გეგმავს

Reuters - დონალდ ტრამპი გაერო-ს სტრუქტურის რეფორმირების საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტის გამართვას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 18 სექტემბერს გაერო-ს შტაბ-ბინაში გაერო-ს სტრუქტურის რეფორმირების საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტის გამართვას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ შესაბამისი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც სააგენტომ მოიპოვა.

გაერო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე დაპატიჟებულნი იქნებიან თუ ხელს მოაწერენ 10-პუნქტიან დეკლარაციას, რომელიც გაერო-ს გენერალური მდივანისადმი მოწოდებას გულისხმობს ორგანიზაციის ეფექტური და მიზნობრივი რეფორმის დაწყების შესახებ.

დეკლარაციაში ასევეა დაფიქსირებული ვალდებულება გაერო-ს ორგანოებში სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ. „როიტერსის“ ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა დონალდ ტრამპის გაერო-ს 72-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლამდე ერთი დღით ადრე შედგება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგებოდა იმ თანხების გამოყოფას, რომელსაც ვაშინგტონი გაერო-ს ბიუჯეტში რიცხავს. გაერო-ს ბიუჯეტის 22% აშშ-ზე მოდის, რაც 5,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში კი, გაერო-ს ყველა პროგრამის გათვალისწინებით, აშშ-ს გაერო-ს ბიუჯეტში ყოველწლიურად 10 მილიარდი აშშ დოლარი შეაქვს.