უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება იქნება, როგორც ნებისმიერი პირისადმი, რომელმაც არასარწმუნო მონაცემები წარმოადგინა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.
უკრაინის პირველი პირის აღნიშნული განცხადება ოდესის ყოფილი გუბერნატორის გუშინ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბრისთვის გეგმავს.
„სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, სამიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები“ - განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიაში დოკუმენტები წარადგინა, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის გაფორმებისას წარმოდგენილი იყო არასარწმუნო, ან გაყალბებული ინფორმაცია. შესაბამისად, კომისიას უნდა ემოქმედა კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისად.
„სხვა ყველა ნაბიჯი იქნებოდა დანაშაულებრივი. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით“ , - განაცხადა პოროშენკომ.