ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის პროცესთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელება უშუალოდ ქართული მხარის პრეროგატივაა და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა არ არის საჭირო. ამის შესახებ ჯანი ბუკიკიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ2017 წლის 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

„საქართველოს კონსტიტუციის გადახედვა მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც დღევანდელი პოლიტიკური სისტემის ჭეშმარიტ საპარლამენტო დემოკრატიად გარდაქმნისკენაა მიმართული. მიმდინარე წლის ივნისში ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა შესწორებული კონსტიტუციის პროექტის დადებითი შეფასება, მათ შორის იყო დეკლარირებული ნაბიჯი, რაც პარლამენტის ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევას გულისხმობდა. უფრო მეტიც, ჩვენ მივესალმეთ აქტიურ თანამშრომლობას და საქართველოს პარლამენტის ვალდებულებას, არ მიიღოს ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასებული ნებისმიერი ცვლილება.

შესაბამისად, პროპორციული სისტემის დანერგვის 2024 წლამდე გადადება, ისევე, როგორც ქართული პარტიების განმეორებითი წარუმატებლობა, კონსტიტუციის გადახედვის შესახებ მოლაპარაკებების გზით კონსენსუსისთვის მიეღწიათ, იმედგამაცრუებელია.

2017 წლის 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება უშუალოდ ქართული მხარის პრეროგატივაა და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა არ არის საჭირო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით ტექსტში ფართო კონსენსუსს მიაღწიონ.

ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის შესწორებულ პროექტს უმოკლეს ვადაში ველოდებით და მზად ვართ ჩვენი მოსაზრებები ერთ თვეში, ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე წარვადგინოთ (6-7 ოქტომბერი ვენეციაში). ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციის შესწორებული პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე, ამ მოსაზრებების და საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის გათვალისწინებით, პროექტში ცვლილებები შეიტანოს“, - აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.