წვიმა არ მოვიდესო და ამ ხანძრების ფონზე ისე შემიყვარდა წვიმა, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ დღეს უფრო განსაკუთრებულად მიყვარს, არ გვაშინებს არაფერი, - ასე დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა.
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატეობის კანდიდატების წარდგენისას, რომელიც ღია ცის ქვეშ, ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს, წვიმა დაიწყო.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 21 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხალხი გადაწყვეტს, ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე. ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად ხალხის საჭიროებებზე, ცხოვრების უკეთესი პირობის შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც სწორ არჩევანს გააკეთებს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.