მარიამ ჯაშმა სარფის სკოლის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

მარიამ ჯაშმა სარფის სკოლის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

საქართველოს პარლამენტიოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიალში მონაწილეობდა.  

მასთან ერთად სკოლას საძირკველი ჩაუყარეს   საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, აჭარის მთავრობის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

,,დღეს საქართველოს საზღვართან ახლოს კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სკოლა თანამედროვე სტანდარტებით შენდება და  გათვლილია  250 მოსწავლეზე.    სკოლის ინფრასტრუქტურა  ადაპტირებული იქნება  შშმ პირებისთვის.  მინდა,   სარფში მცხოვრებთითოეულ მოსწავლეს მივულოცო ახალი სკოლის მშენებლობა,"- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.  

სამსართულიანი სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში  აშენდება. სკოლას ექნება შიდა სპორტული და სააქტო დარბაზები,  კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები. შშმ პირებისთვის მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა,  ლაზეთის სოფლებს შორის სარფი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. 1939 წელს დაწყებითი სკოლა  საშუალო სკოლად გადაკეთდა. 1954 წელს კი აშენდა ახალი კორპუსი სკოლისთვის. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სარფის სკოლის რეაბილიტაცია, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო სკოლის პირველი სართული გამოუსადეგარი იყო სასწავლო პროცესისთვის. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები ბათუმის N30 (გონიოს) სკოლაში ისწავლიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით.