განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების პრიორიტეტული საკითხებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისა და შეჯერების მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გასვლითი სხდომა ქალაქ ბათუმში გამართა. გასვლითი სხდომა NDI-საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
სხდომას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მარიამ ჯაშმა ეფექტური და რეგულარული კოორდინაციისთვის, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრს მიხეილ გიორგაძეს, ასევე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს.
„მეცხრე მოწვევის პარლამენტის ახალი, გამორჩეული მახასიათებელი არის სწორედ ძალიან მჭიდრო კოორდინაცია, რომელიც მინდა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოღვაწე ჩვენი კოლეგების, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებისა და საპარლამენტო ოპოზიციის აქტიური ჩართულობის თვალსაზრისით. ყველანი ვთანხმდებით, რომ განათლება, მეცნიერება და კულტურა ქვეყნის პირველი რიგის მნიშვნელობის პრიორიტეტებია", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მჭიდრო და პროდუქტიულ თანამშრომლობაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მან ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სფეროს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
„პრაქტიკულად, ყველა ამ გამოწვევაში ძალიან თამამი საკანონმდებლო ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ვგულისხმობ ზოგადი განათლების, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებები ურთიერთობის, თანამშრომლობისა და ინტერესების თვალსაზრისით, თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდნენ.
„ერთობლივი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის მრავალფეროვან და ფართო სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ არა მხოლოდ ანგარიშის ჩაბარების, არამედ ერთად მსჯელობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შედეგზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ვლადიმერ მგალობლიშვილის განმარტებით, რამდენადაც განათლება და კულტურა არის ავტონომიური რესპუბლიკისთვის პრიორიტეტული სფეროები, სამინისტროს აქვს მზარდი ბიუჯეტი - 46 მლნ-მდე, რაც, მისივე ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით 9 მლნ-ით მეტია. რაც შეეხება ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებულ ღონისძიებებს, მათ შესახებ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა ისაუბრა.
გასვლითი სხდომა NDI-საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა.