4-5 სექტემბერს ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპ ფორუმს უმასპინძლებს

4-5 სექტემბერს ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპ ფორუმს უმასპინძლებს

4-5 სექტემბერს ტექნოპარკი ქართულ-გერმანულ სტარტაპფორუმს უმასპინძლებს, რომლის მთავარი მიზანია გერმანიის მხრიდან ინოვაციების,  მეწარმეობის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ქართველ და გერმანელ სტარტაპებს შორის პოტენციური პარტნიორობის დამყარება.

ფორუმს გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე რენატე ფაიჩი და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე  გიორგი ზვიადაძე.  ღონისძიებას მოდერაციას გაუწევენ სტარტაპ სპეციალისტი კოლინ დონოჰი და გიორგი ლალიაშვილი (GITA).

ფორუმის სპიკერები - გერმანიის წამყვანი მეწარმეები მაიკლ ჰაბლი, ვოლფგანგ ბარნეკერი და შტეფენ დაბელსი სტუმრებს საკუთარი სტარტაპების წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებს გააცნობენ, ასევე მოუყვებიან გლობალური ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ.

5 სექტემბერს B2B ღონისძიებაზე დარეგისტრირებულ პირველ 15 სტარტაპს  საშუალება ექნება შეხვდეს სპიკერებს და მათ მიერ დაარსებულ სტარტაპებთან პოტენციურ თანამშრომლობაზე ისაუბრონ.

ღონისძიება იმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და PMC კვლევითი ცენტრის თანაორგანიზებით. პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოსა და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით.