„ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს კონსენსუსის მიღწევა, ოღონდ თავიანთი პირობების საფუძველზე. არა მგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია დამნაშავედ გამოვიყვანოთ“, -განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
მისი თქმით, კომისია წუხს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელი გახდა კონსენსუსის მიღწევისთვის საკმარისი ბაზისის გამონახვა.
„შექმნილი ვთარება იდეალური არ არის, თუმცა, მეორე მხრივ, თუ შეადარებთ რეგიონის სხვა ქვეყნებს, ვერავინ იტყვის, რომ საქართველო უარესია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები“, - აღნიშნა მარკერტმა.
ვენეციის კომისიის მდივანმა ასევე ხაზგასმით დასძინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებამდე ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევა, ვიდრე ეს მეორე მოსმენისას იყო.
„ვფიქრობ, გარკვეული ცვლილებები შევა საკონსტიტუციო რეფორმის ტექსტში იმასთან შედარებით, რა იყო მეორე მოსმენისას“, -გაანცხადა მარკერტმა.
ვენეციის კომისიის მდივანი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მმართველმა გუნდმა ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვენეციის კომისიაც მოატყუა.
„მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ მოტყუებულნი ვართ. ჩვენ გაკვირებულნი ვიყავით, როდესაც მეორე მოსმენით ცვლილებები იყო შეტანილი საარჩევნო სისტემაში. უსიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ტექსტი ამგვარად შეცვალეს“, - განაცხადა ტომას მარკერტმა.