1 სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოქმედდება „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები."
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისა და ოპერატორებისთვის წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ განმარტავს.სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.
წესის რეგულირების ქვეშ ექცევა სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული უპილოტო საჰაერო ხომალდები.
რეგულირების ქვეშ არ ექცევა უპილოტო საფრენი აპარატები რომელთა მასა ნაკლებია 250 გრამზე, სათამაშო უპილოტი საჰაერო ხომალდები (საფრენი აპარატი, რომელიც შექმნილია ან განკუთვნილია ბავშვებისთვის სათამაშოდ, მისი ფრენის მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 30 მეტრს მიწის ზედაპირიდან, ხოლო პოტენციური ენერგია 79 ჯოულს) და უპილოტი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია შენობაში (დახურულ სივრცეში).
რეგულაციით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნების მიხედვით, დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის მართვა დაუდევრად, რათა საფრთხეში არ ჩავარდეს ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება, ასევე საფრთხე არ შეექმნას სხვა საჰაერო ხომალდს. უპილოტო საჰაერო ხომალდის პილოტი უნდა მოერიდოს უპილოტო საჰაერო ხომალდის ფრენას იმ საჰაერო ხომალდის ზემოთ, ქვემოთ ან წინ, რომლის ბორტზეც იმყოფება პილოტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი იმყოფებიან უსაფრთხო მანძილზე და მხედველობაშია მიღებული საჰაერო ხომალდის კვალზე ტურბულენტობის გავლენა. დაუშვებელია უპილოტო საჰაერო ხომალდით საქართველოს საზღვრის გადაკვეთა სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ასევე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ღია ზღვის თავზე საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამისი ორგანოს თანხმობის გარეშე. უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებისას წარმოქმნილი ნებისმიერი მოვლენის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება დაემუქროს საჰაერო მოძრაობის, ასევე, პირების და ქონების უსაფრთხოებას, უპილოტო საჰაერო ხომალდის პილოტმა/ექსპლუატანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.
წესი ითვალისწინებს დრონების საფეხურეობრივ - ღია, სპეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას, რაც მათ მფლობელებზე ვალდებულებების და პასუხისმგებლობის პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის.
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია „ღია კატეგორიაში“ არ საჭიროებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობას. შესაბამისად, სააგენტოს თანხმობა არ არის საჭირო, თუ იქნება დაცული „ღის კატეგორიის" შემდეგ პირობები:
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 25 კილოგრამს;
ექსპლუატაციის სიმაღლე არ აღემატება 400 ფუტს (122 მეტრს) მიწის ზედაპირიდან;
ექსპლუატაცია ხორციელდება არაუმეტეს 54 კმ/სთ (15 მ/წმ) სიჩქარისა;
ექსპლუატაცია ხორციელდება პირდაპირი ხედვის არეში;
ექსპლუატაცია ხორციელდება საქართვლოს აეროდრომებიდან არანაკლებ 6 კილომეტრის დაშორებით;
ექპლუატაცია ხორციელდება პირის ან პირთა ჯგუფის თავზე ან ნებისმიერი პირისგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირი ან პირთა ჯგუფი ასრულებს ექსპლუატანტის მითითებებს და იმყოფება ექსპლუატანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
ექსპლუატაცია ხორციელდება საავტომობილო ან სარკინიგზო გზების თავზე და/ან მის გასწვრივ არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით;
ექსპლუატაცია ხორციელდება შენობა-ნაგებობიდან ჰორიზინტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტი ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა ან მიღებული აქვს თანხმობა აღნიშნული შენობანაგებობის მესაკუთრისგან;
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაკომპლექტებელი ნაწილები არის ქარხნული წარმოების და არ არის მოდიფიცირებული;
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდიდან არ ხორციელდება საგნების გადმოყრა და ნივთიერებების გაშხეფვა;
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება საგნების, სახიფათო ტვირთისა და ნივთიერებების გადატანა;
დისტანციურად მართვადი უპილოტო საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება ბუქსირება;
არ ხორციელდება საჰაერო და საპილოტაჟო ჩვენება;
14 წელს მიუღწეველი პირის მიერ, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება სრულწლოვანი პირის ზედამხედველობის ქვეშ.
იმ შემთხვევაში, თუ უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელების/ოპერატორების მიერ განსახორციელებელი საქმიანობა, სამუშაოების ტიპი, სერვისები და ა.შ. მოითხოვს „ღია კატეგორიისთვის“ დადგენილი ექსპლუატაციის ნორმებისგან განსხვავებულ პირობებს, მათი ოპერირება ექცევა სპეციფიკური კატეგორიის ქვეშ. დაუშვებელია დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია სპეციფიკურ კატეგორიაში სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. პირველადი თანხმობა ექსპლუატაციაზე გაიცემა 1 წლამდე ვადით, ხოლო ყოველი მომდევნო თანხმობა გაიცემა 2 წლამდე ვადით.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს, ექვემდებარება რეგისტრაციას. რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5 ციფრიანი ნიშანი. 150 კგ. და მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №205 ბრძანების შესაბამისად.
თუ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს ან აღემატება 150 კგ-ს, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ხდება მოქმედი უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ფლობა (სერტიფიცირებული კატეგორია).
უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ფრენის მოთხოვნები ძალაში შევა 2017 წლის 1 ნოემბრიდან. უპილოტო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირებული კატეგორიის საექსპლუატაციო მოთხოვნები ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php