მე აზრს მოკლებულად ვხედავ სტრასბურგში ულტიმატუმების მოსმენას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან შეხვედრის ჩაშლის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ კონსტიტუციაზე პოლიტიკური შეთანხმება შემდგარიყო.
"საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ არა კონკრეტიკას, არამედ ულტიმატუმის ენით საუბარს, პირდაპირ მიზანმიმართულ მცდელობას, რომ პოლარიზება მოხდეს სიტუაციის, რომ ვერ წავიდეთ შეთანხმებაზე. ამიტომ, მე აზრს მოკლებულად ვხედავ სტრასბურგში ულტიმატუმების მოსმენას. ეს ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო არ არის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ ექსპერტებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად შევიმუშავეთ, იყოს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული და არა ის, რომ ულტიმატუმებით ვიღაცამ საკუთარი ინტერესები გაიტანოს", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ სტრატეგიად აირჩია პოლარიზება, რომ კონსენსუსი ვერ შემდგარიყო.
" ძალიან ვწუხვარ, რომ საბოლოო ჯამში ასეთი მოცემულობა დადგა",- განაცხადა სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.
სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.