’’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ იყო. როგორც ნიკა რურუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თავიდანვე ჩანდა, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული კონსტიტუცია სურდა.
’’მმართველმა პარტიამ საზოგადოებას, ვენეციის კომისიას, ყველას გაუცრუა იმედები ჩვენს გარდა. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ’’ქართული ოცნება’’ ასე მოიქცეოდა, ვინაიდან ის კონსენსუსის თაობაზე გულწრფელი თავიდანვე არ იყო, მას ერთპარტიული კონსტიტუცია უნდოდა, რასაც ახლაც აპირებს. რა თქმა უნდა, ეს მცდელობა იქნება ძალიან ხანმოკლე და პოლიტიკურად ’’ ძვირი გამარჯვება’’. ამ დოკუმენტს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. რეალურად, კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს ერთპარტიული დოკუმენტი, ’’ქართული ოცნება’’ ოლიგარქის დავალებით კი სწორედ ამას აკეთებს ’’, - განაცხადა ნიკა რურუამ.
ნიკა რურუას თქმით, ხელისუფლება ცდილობს გაავრცელოს კონსტიტუციის ’’ყოვლად უვარგისი ვერსია’’, რომელსაც მისივე თქმით, არც საერთო სახალხო მოსმენები, არც ვენეციის კომისია გავლილი არ აქვს და პოლიტიკური კონსენსუსიც არ გააჩნია.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.
სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.