ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა არსებული მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა არსებული მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა არსებული მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შალვა შავგულიძემ უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის დამტკიცებას ითვალისწინებს.

”ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა არსებული მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ამ სისტემის შენარჩუნების პირობებში რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან საარჩევნო ბარიერის და ბლოკების საკითხზე მიღწეულ შეთანხმებას ვერ გაასაღებდა ოპოზიციასთან მიღწეულ კონსენსუსად.

ამიტომ, ის დაადგა მეორე ტყუილის გზას - თითქოს ოპოზიცია არ გამოხატავდა რეალურ მზაობას კონსენსუსის მისაღწევად და ამან გახადა ხელისუფლება იძულებული, რომ ერთპიროვნულად მიეღო კონსტიტუციური კანონი.

ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. სინამდვილეში, როგორც აღვნიშნე, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა არსებული უსამართლო საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, რომელიც მას აბსოლუტურად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს კონკურენტ პოლიტიკურ ძალებთან და ამას ,,ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღების ფასად”, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.

სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.