საკონსტიტუციო უმრავლესობამ კონსტიტუციური ჩიხისთვის გაწირა ქვეყანა

საკონსტიტუციო უმრავლესობამ კონსტიტუციური ჩიხისთვის გაწირა ქვეყანა

პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო პროექტს ტექნიკური, რედაქციული ხარვეზები არ აქვს, მას ფუნდამენტური პრობლემები აქვს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, პლურალისტური სახელმწიფოს განვითარების ხელისშემშლელი დებულებების სიმრავლის გამო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ხიდაშელის შეფასებით, საკონსტიტუციო უმრავლესობამ, მორიგ ჯერზე კონსტიტუციური ჩიხისთვის გაწირა ქვეყანა, რაც კიდევ რამდენიმე წლით გადადებს სახელმწიფოს ინსტიტუციურ განვითარებას.

„სამწუხაროდ, საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო გაეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის ცდუნებისთვის და ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის ნაცვლად, ქვეყანაში კონსენსუსზე დაფუძნებული ძირითადი კანონი მიეღო. პოლიტიკური კონსენსუსი აბსოლუტური ვალდებულებაა სახელმწიფოს სტაბილური განვითარებისათვის. კონსტიტუციამ სხვადასხვა პოლიტიკური ფილოსოფიის მქონე პოლიტიკურ ძალებს უნდა გაუძლოს და ქვეყნის განვითარების ძირითადი მახასიათებლების სიმყარე უნდა უზრუნველყოს. სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარება და კრიზისებისთვის იქნება განწირული.

მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება მისი წინამორბედის აღზევების საუკეთესო წლებში დაწერილ უპასუხისმგებლო, ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის მქონე პოლიტიკური ძალის განცხადებების ასლია, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ სრულად აქვს გაცნობიერებული მის მიერ გადადგმული ნაბიჯის მოკლევადიანობა, უპერსპექტივობა და პირველივე სახელისუფლებო ცვლილებების შედეგად კვდომა, ჯიქურ ცდილობს ვიღაცას დაუმტკიცოს ამბავი საკუთარი უშეცდომობისა და უძლეველობის შესახებ. სწორედ ასე მოიქცა „ნაცმოძრაობა“ 2010 წელს. სწორედ მათი მაშინდელი ქმედების შედეგია „ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილებები.

რატომ არის კონსენსუსი მნიშვნელოვანი? მაგალითად, დღეს ყველა პოლიტიკური თუ საჯაროდ აქტიური ჯგუფი თანხმდება, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების 2 მოსმენით მიღებული დებულებები ფუნდამენტურად არასწორია, უფრო მეტიც, სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. „ოცნების“ დღევანდელი განცხადებით გავიგეთ, რომ არც არაფერი შეიცვლება და სწორედ ასეთი ფორმით დამტკიცდება კონსტიტუცია. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი რამდენიმე წელი დაიხარჯება ახალი სისტემისთვის შესაბამისი კანონების შექმნაში, საბიუჯეტო რესურსები დაიხარჯება ახალი / კონსტიტუციის მიღმა არსებული სისტემის ჩამოყალიბება - შენახვისთვის და ზუსტად იმ დროს, როდესაც ახალი კანონები მიღებული იქნება, მრავალი მილიონი და ადამიანური რესურსი დახარჯული, ახალი ხელისუფლება მოვა და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. ამასობაში, შეხსენებისთვის ქვეყანის ნაწილი ოკუპირებულია და ქვეყანა განგრძობით ომშია.

სრულიად ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რა ამოცანები და მიზნები ჰქონდა ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, კონსენსუსის არარსებობის და ჩიხური მდგომარეობის ერთდერთი პრაქტიკული, სამართლებრივი, ინსტიტუციური მიზეზი „ქართული ოცნების“ მოქმედებები და მრავლობითი განცხადებებია, რომელმაც პროექტის მეორე მოსმენით მიღებითა და მის მეორე მოსმენაზე უკან დაბრუნებაზე უარით ყველა გზა ჩაკეტა რეალური კომპრომისისა და კონსენსუსისთვის.

პარლამენტის მიერ მიღებულ პროექტს ტექნიკური, რედაქციული ხარვეზები არ აქვს, მას ფუნდამენტური პრობლემები აქვს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, პლურალისტური სახელმწიფოს განვითარების ხელისშემშლელი დებულებების სიმრავლის გამო.

საკონსტიტუციო უმრავლესობამ, მორიგ ჯერზე კონსტიტუციური ჩიხისთვის გაწირა ქვეყანა. არაფერი - რაც არ გვინახავს. ყველაფერი - რაც კიდევ რამდენიმე წლით გადადებს სახელმწიფოს ინსტიტუციურ განვითარებას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.