თუკი საპარლამენტო უმრავლესობამ სტრასბურგში წასვლის გარეშე დაამტკიცა საკონსტიტუციo ცვლილებები, ეს მისი უფლებაა, თუმცა ამ შემთხვეაში, მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ მმართველი გუნდი და მხარს არ უჭერს არც ერთი ოპოზიციური პარტია და არც ერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ის რომ საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით დაამტკიცებს, „მოსალოდნელიც იყო“.
„პრინციპში, მოსალოდნელიც იყო. როგორც ჩანს, ხელისუფლებას თავის განცხადებები უნდოდა იმისთვის, რომ გარკვეული ფონი შეექმნა, თითქოს დიალოგისთვის მზად არის. არავითარი მზაობა არ იყო. ბოლო დღეების განმავლობაში მას ჰქონდა საკმაოდ უცნაური „მცდელობა“, რომ გადაებრალებინა ოპოზიციისთვის, თითქოს, ჩვენ რაღაც ულტიმატუმებს ვუყენებთ, მაშინ როდესაც ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, დავბრუნებოდით იმ ვარიანტს, რასაც განვიხილავდით კომისიაში და პარლამენტში, რომელზედაც თავისი აზრი გამოთქვა ვენეციის კომისიამ - საუბარია 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე. ამ შემთხევვში, თუ ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამდა იმაზე, რომ გვესაუბრა დღევანდელი სისტემის შეცვლაზე, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვიყავით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბლოკის საკითხი, ბარიერის დაწევა და ა.შ“, - განაცხადა თარხნიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს აჯამებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.
სწორედ ამიტომ, უმრავლესობა აღნიშნავს, რომ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით.