ჩვენ გვყავდა 100-ზე მეტი მოწმე, დაცვის მხარეს კი მხოლოდ ერთი და ისიც დისკრედიტებული ირაკლი ფირცხალავა

ჩვენ გვყავდა 100-ზე მეტი მოწმე, დაცვის მხარეს კი მხოლოდ ერთი და ისიც დისკრედიტებული ირაკლი ფირცხალავა

ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეების ჩვენებებისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სწორედ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.

პროკურორის მტკიცებით, ბრალდებას უტყუარი მტკიცებულებები აქვს წარდგენილი.

”დავკითხეთ 100-ზე მეტი მოწმე. გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, კომპიუტერული ექსპერტიზების შედეგად აღდგენილი ფაილებიც, რომლებიც ადასტურებენ მამალაძის ბრალეულობას. გვაქვს გონივრული მოლოდინი და ვართ დარწმუნებულები, რომ მამალაძის მიმართ დადგება აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი”, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

მისი თქმით, დღეს დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება, თუმცა მას მოლოდინი არ აქვს, რომ ის რაიმე მნიშვნელოვანს იტყვის.

”დაცვას მხოლოდ ერთი და ისიც დისკრედიტებული მოწმე - ირაკლი ფირცხალავა ჰყავდა წარმოდგენილი, რომელსაც არ უსაუბრია არც ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, შესაბამისად, დასკვნით სიტყვაში რა უნდა იყოს სიახლე, ჩემთვის გაუგებარია”, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება უშუალოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვას, გუბელაძის აზრით, არც ის უნდა იყოს სიახლის შემცველი.

„მან ბევრჯერ თქვა, რომ მნიშვნელოვანს იტყოდა, თუმცა არაფერი უთქვამს“, - აღნიშნა გუბელაძემ.