აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება პირადად დონალდ ტრამპმა მიიღო

აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება პირადად დონალდ ტრამპმა მიიღო

აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დიახ, ეს გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო“, - განაცხადა სანდერსმა შესაბამის კითხვაზე.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, აშშ შეეცდება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოძებნას.

„ჩვენ მტკიცე და აწონილი ნაბიჯები გადავდგით რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სინანულს იწვევს. ჩვენ გვსურს უკეთესი ურთიერთობებისკენ წავიდეთ. ჩვენ ამის შესაძლებლობებს ვეძებთ“, - განმარტა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

გუშინ, აშშ-მა რუსეთს სან-ფრანცისკოში საკუთარი საკონსულოს, ასევე ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საკონსულო ობიექტების დახურვა მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კრემლის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადეს. როგორც ცნობილია, მოსკოვმა აშშ-ს რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირება მოსთხოვა.

გასულ თვეს მოსკოვმა აშშ-ს მოუწოდა, რუსეთში თავისი დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალი ნახევარზე მეტით, 455 ადამიანამდე შეამციროს, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ხმათა უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.