მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობა გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა: თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ზურაბ იაკობიშვილი (65კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61კგ), ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა (85კგ) და მისმა თანაგუნდელმა რევაზ ნადარეიშვილმა (98კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

„განსაკუთრებულ დღეებში, როდესაც საქართველოში სტიქია მძვინვარებდა ჩვენმა გმირმა მოჭიდავეებმა ასახელეს ჩვენი სამშობლო. მინდა რომ მათ კიდევ ერთხელ მივულოცო მიღწეული ისტორიული შედეგი და ვუსურვო მათ შემდგომი წარმატება. თითოეულმა მათგანმა მართლაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის სპორტის განვითარებაში, ამ დღეებში ჩვენს გმირ მეხანძრეებთან ერთად, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ბიჭებიც არიან გმირები და ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, საქართველომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობაზე 2 ოქროს მედალი მოიგო", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სხვა ოფიციალური პირები.