ოპოზიცია არ ცვლის ულტიმატუმის პოზიციას, რაც საბოლოოდ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას

ოპოზიცია არ ცვლის ულტიმატუმის პოზიციას, რაც საბოლოოდ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას

ოპოზიცია არ ცვლის ულტიმატუმის პოზიციას, რაც საბოლოოდ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა ეტაპზე ვიყავით და ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისათვის ოპოზიციურ პარტიებთან. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ ოპოზიციას დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივსულიყავით კონკრეტულ შედეგებამდე. მიუხედავად ამისა, მათგან ვერ მივიღეთ პასუხი ელემენტარულ კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერენ ახალ კონსტიტუციას მხარს და იტყოდნენ, რომ კონსენსუსი შედგა. ნაცვლად ამისა, მივიღეთ ულტიმატუმები, ისიც დიალოგის დაწყების პირობად. ამან შეუძლებელი გახადა უმრავლესობის შიდა კონსულტაციებიც კი.

მიუხედავად ამისა, მაინც დავტოვეთ ღია სივრცე დიალოგისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ გააგრძელოს რეალური დიალოგი - უპირისპირდებიან ერთმანეთს, ვერ თუ არ ყალიბდებიან საერთო პოზიციაზე, აკეთებენ სხვადასხვა განცხადებებს იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს მოლაპარაკების პროცესი და რაც მთავარია, არ ცვლიან ულტიმატუმის პოზიციას, რაც საბოლოოდ გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.