იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა ნარკოპოლიტიკისა და მისი რეფორმის პერსპექტივებზე გასვლითი შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა ნარკოპოლიტიკისა და მისი რეფორმის პერსპექტივებზე გასვლითი შეხვედრა გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის" მხარდაჭერით, ბორჯომში, გასვლითი შეხვედრა გამართა თემაზე: „ნარკოპოლიტიკა და მისი რეფორმის პერსპექტივები".

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის ახალი საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ნარკოპოლიტიკის ახლებურ საკანონმდებლო მოწესრიგებას ითვალისწინებს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები შეეხებოდა: ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ცვლილებებს; სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარების ან/და რეალიზაციისათვის; ნარკოტიკული დანაშაულისათვის გამოყენებული სანქციის პროპორციულობის პრინციპის დაცვას; ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს და ა.შ

აღინიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და დანერგვას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად აქცენტი გაკეთდება მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე.

კანონპროექტების ავტორია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, ხოლო ინიციატორები კი საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა.

ღონისძიების მონაწილეები ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის გაეცნენ.

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის ახალ საკანონმდებლო პაკეტს წამყვანი კომიტეტის სტატუსით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. კანონპროექტებთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვების მომზადების მიზნით დაიგეგმა სწორედ დღევანდელი სამუშაო შეხვედრა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და სხვა საპარლამენტო კომიტეტების წევრებმა, ასევე სახელმწიფო უწყებებისა და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის" ერთ-ერთი მიმართულებაა. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.