მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების მართვის საბჭო ბრიტანული „კობრას“ ანალოგია, შესაძლოა მისი ტრანსფორმირება მოვახდინოთ იმ გამოწვევების კვალდაკვალ, რაც ქვეყნის წინაშეა

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების მართვის საბჭო ბრიტანული „კობრას“ ანალოგია, შესაძლოა მისი ტრანსფორმირება მოვახდინოთ იმ გამოწვევების კვალდაკვალ, რაც ქვეყნის წინაშეა

დღის წესრიგში დგას სისტემური რეფორმა იმდენად, რამდენადაც, ამ ხანძრებმა ჩვენ დაგვანახეს, რომ საჭიროა, შესაბამისი სისტემები გამოწვევებთან და პრობლემებთან თანხვედრაში მოვიყვანოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პრემიერ - მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილი კრიზისების მართვის საბჭოსთან მიმართებაში არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტები უბრალოდ, ვერ ერკვევიან ამ სისტემის მნიშვნელობაში და ამიტომ აკეთებენ არაპროფესიონალურ და არაკვალიფიციურ განცხადებებს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების მართვის საბჭო ბრიტანული „კობრას“ ანალოგია, შესაძლოა საბჭოს ტრანსფორმირება მოხდეს იმ გამოწვევების კვალდაკვალ, რაც აქტუალურია საქართველოს წინაშე.

„კრიზისების მართვის საბჭო შეიქმნა ჩვენი ბრიტანელი კოლეგების დახმარებით და „კობრას“ ანალოგით. საბჭო არის არა ტაქტიკური გამოყენების ინსტიტუტი, არამედ ეს არის საკოორდინაციო მექანიზმი. საბჭოს არანაირი ტექნიკა, აღჭურვილობა ან მსგავსი ტიპის საშუალებები არ გააჩნია. რაც შეეხება პროცესში მისი ჩართულობის პერიოდს, არაკვალიფიციურად იქნა გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები. აქაც არსებობს საერთაშორისო დონის სტანდარტები, რომელიც განსაზღვრავს კრიზისების დონეებს და კრიზისების მართვის საბჭო, როგორც საკოორდინაციო ორგანო ერთვება მხოლოდ მაშინ, როცა ეროვნული დონის რისკები წარმოიშვება.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეყო ძალები, რომ დამოუკიდებლად გამკლავებოდა ხანძარს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა კრიზისების მართვის საბჭოს ჩართვა, რომელმაც იმუშავა შტაბურ რეჟიმში და პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელობით უფრო მაღალი დონის შტაბი შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭო არის ბრიტანული „კობრას“ ანალოგი, შესაძლოა ამ საბჭოს ტრანსფორმირება მოვახდინოთ იმ გამოწვევების კვალდაკვალ, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე აქტუალურია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.